ბამის ციტადელი

ბამის ციტადელი მსოფლიოში უდიდესი ალიზის ნაგებობაა, რომელიც მდებარეობს ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქერმანის ოსთანის ქალაქ ბამში. 2003 წლის 26 დეკემბრის მიწისძვრის შედეგად ქალაქის 80% თითქმის მთლიანად განადგურდა, მაგრამ მისი მნიშვნელობის გამო, იგი დაუყოვნებლივ აღმოჩნდა მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში; იუნესკოს და რამდენიმე ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა სამუშაოები ძეგლის გადასარჩენად. ქალაქის წარმოშობა აქემენიდურ პერიოდს (ძვ. წ. VI-IV სს.) უნდა მივაწეროთ. მისი აყვავების პერიოდი VII და XI საუკუნეებია. ქალაქი მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების გასაყარზე მდებარეობდა და ცნობილი იყო აბრეშუმისა და ბამბის სამოსის წარმოებით.

ბამი და მისი კულტურული ლანდშაფტი მდებარეობს ირანის მაღალი პლატოს სამხრეთ კიდეზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში, პაკისტანის საზღვართან ახლოს. „არგ-ე ბამი“ წარმოადგენს ალიზის ტრადიციული ტექნიკით მშენებლობის შესანიშნავ მაგალითს.

ბამი და მისი კულტურული ლანდშაფტი წარმოადგენს უძველესი გამაგრებული დასახლების და აგრეთვე, შუა აზიის რეგიონში, უდაბნო გარემოში სავაჭრო დასახლების განვითარების ბრწყინვალე ნიმუშს. ბამი მდებარეობს ოაზისში, რომლის არსებობა დაფუძნებულია მიწისქვეშა წყლის არხების, ყანატების გამოყენებაზე. ბამში შემორჩენილია ირანული მიწისქვეშა წყლის არხების სისტემების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიმუშები და ორი ათასწლეულის განმავლობაში მათი მშენებლობისა და მოვლა-შენახვის ტექნოლოგიური განვითარების დასტური. საუკუნეების განმავლობაში, ბამს სტრატეგიული ადგილმდებარეობა ჰქონდა აბრეშუმის გზაზე, რომელიც მას აღმოსავლეთით აზიის ცენტრალურ ნაწილთან, სამხრეთით სპარსეთის ყურესთან, დასავლეთით ეგვიპტესთან აკავშირებდა.

2004 წელს და 2007 წელს რესტავრაციის შემდეგ ხელმეორედ, ბამი და მისი კულტურული ლანდშაფტი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი ობიექტის კრიტერიუმების  მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად (​უნდა მიუთითებდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში, ან მსოფლიო რომელიმე კულტურული არეალის ფარგლებში არქიტექტურის, მონუმენტური ხელოვნების, ქალაქგეგმარების ან ლანდშაფტური არქიტექტურის განვითარების სფეროში ადამიანურ ფასეულობათა მნიშვნელოვან ურთიერთგაცვლაზე; უნდა წარმოადგენდეს რომელიმე კულტურული ტრადიციის ან, დღესაც არსებული ან გამქრალი ცივილიზაციის ამსახველ უნიკალურ ან განსაკუთრებულ ნიმუშს; უნდა წარმოადგენდეს ნაგებობის, არქიტექტურული ანსამბლის ან ლანდშაფტის ღირსშესანიშნავ მაგალითს, რომელიც ასახავს კაცობრიობის ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპს(ებს);  უნდა იყოს ტრადიციული საცხოვრისის ან მიწათმოქმედების გამორჩეული მაგალითი, რომელიც წარმოადგენს რომელიმე კულტურას( კულტურებს), განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს კულტურა საფრთხის წინაშეა შეუქცევადი ცვლილებების გამო.) შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

Next Prev
Next Prev

Check Also

სოლთანიეს მეჩეთი

სოლთანიეს მეჩეთი, ოლჯაითუ-ხოდაბანდეს მავზოლეუმი, XIV საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქალაქი ზენჯანში, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ზენჯანის ოსთანში მდებარეობს. …