ბეჰისთუნის წარწერა

ბეჰისთუნის წარწერა წარმოადგენს თანამედროვე ირანის ქერმანშაჰის ოსთანში, ბეჰისთუნის მთის კირქვის ფლატეზე რელიეფური გამოსახულების ნაწილს. ადგილი სპეციალურადაა შერჩეული, ბეჰისთუნი წარწერა მდებარეობს უძველესი საქარავნე გზის გასწვრივ, რომელიც აკავშირებს ირანის პლატოს მესოპოტამიასთან. ამ არქეოლოგიური ძეგლის მთავარი ნაწილია ბარელიეფი და ლურსმული წარწერა.  წარწერების იდენტური ტექსტი სამ ენაზეა შესრულებული: ძველ სპარსულად, ელამურად და ბაბილონურად და თარიღდება ძვ. წ-აღ. 521-520 წლებით. ბარელიეფი და წარწერები გზიდან 100 მეტრის სიმაღლეზეა. მისი ზომებია 15 მ სიმაღლეში და 25 მ სიგანეში. წარწერა შეიცავს სპარსეთის მეფე დარიოს I-ის მიერ პირველ პირში გადმოცემულ ტექსტს. ეს არის აქემენიანთა ერთადერთი ცნობილი მონუმენტური ტექსტი, რომელიც რომელიც ფაქტიურად, მთელი მისი მეფობის ისტორიას და მის მიერ იმპერიის აღდგენის დოკუმენტირებას ახდენს. ბეჰისტუნის რელიეფი ასევე იმითაა გამორჩეული, რომ წარწერა მოიცავს ღმერთ აჰურამაზდას პირველ (შემორჩენილი ორიგინალის დათარიღების თანახმად)  მოხსენიებას და გამოსახულებას. დღესდღეობით ბარელიეფი დათვალიერება მხოლოდ შორიდანაა შესაძლებელი. მას შემდეგ რაც აქ სამუშაოები დამთავრდა, მუშებმა საბოლოოდ დატოვეს ადგილი და მისასვლელი ქვის კიბეებიც დაანგრიეს, რათა წარწერამდე მისასვლელი ყველანაირი გზა გაენადგურებინათ. ალბათ სწორედ  ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ბეჰისთუნის წარწერა დღემდე ძალიან კარგადაა შემონახული.

2006 წელს, ბეჰისთუნის წარწერა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი ობიექტის კრიტერიუმების  მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად (უნდა მიუთითებდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში, ან მსოფლიო რომელიმე კულტურული არეალის ფარგლებში არქიტექტურის, მონუმენტური ხელოვნების, ქალაქგეგმარების ან ლანდშაფტური არქიტექტურის განვითარების სფეროში ადამიანურ ფასეულობათა მნიშვნელოვან ურთიერთგაცვლაზე; ​უნდა წარმოადგენდეს რომელიმე კულტურული ტრადიციის ან, დღესაც არსებული ან გამქრალი ცივილიზაციის ამსახველ უნიკალურ ან განსაკუთრებულ ნიმუშს;) შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

Next Prev
Next Prev

Check Also

სოლთანიეს მეჩეთი

სოლთანიეს მეჩეთი, ოლჯაითუ-ხოდაბანდეს მავზოლეუმი, XIV საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქალაქი ზენჯანში, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ზენჯანის ოსთანში მდებარეობს. …