ნაყშე ჯაჰანის მოედნის არქიტექტურული ანსამბლი

იმამის, იგივე  ნაყშე ჯაჰანის მოედანი, ისტორიული მოედანია  ქალაქ ისპაჰანის ცენტრში, მის ისტორიულ ნაწილში, გოლბაჰარის რაიონში. 1979 წლამდე მოედანს შაჰის სახელი ერქვა.  XVII საუკუნის დასაწყისში შაჰ აბას I დიდის მიერ აშენებული 560 მეტრი სიგრძისა და 160 მეტრი სიგანის მართკუთხა ფორმის მოედანი, ყველა მხრიდან გარშემორტყმულია მონუმენტური შენობებით: სამხრეთ ნაწილში იმამის მეჩეთი, დასავლეთით — ალი-ყაფუს სასახლე, აღმოსავლეთით — შეიხ ლოთფოლაჰის მეჩეთი, ჩრდილოეთ ნაწილში კი დიდი ბაზრის ცენტრალური შესასვლელი. შენობები ერთმანეთთან ორსართულიანი არკადებითაა დაკავშირებული. ნაყშე ჯაჰანის მოედანი და მისი არქიტექტურული ანსამბლი, რომელიც შექმნილია უნიკალური, თანმიმდევრული და ჰარმონიული გეგმის შესაბამისად, სეფიანთა ეპოქის ირანის მაღალი კულტურული ცხოვრების დონის შთამბეჭდავი მოწმობა და ისლამური და ირანული არქიტექტურის უბადლო ნიმუშია. ყველა ეს არქიტექტურული ელემენტი, რომელიც გარს აკრავს მოედანს, მათ შორის მაღაზიების არკადები, ესთეტიკურად დახვეწილია, მორთულია მოჭიქული კერამიკული ფილებითა და კედლის მხატვრობით.

იმამის მეჩეთი

ნაყშე ჯაჰანის არქიტექტურულ ანსამბლში შედის ირანული კულტურის და ისლამური არქიტექტურის უბადლო ძეგლი, XVII საუკუნის არქიტექტურის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუში, შაჰის მეჩეთი (1979 წლიდან იმამის მეჩეთი). მეჩეთი აიგო შაჰ აბას I-ის მმართველობის პერიოდში, მისი უშუალო ბრძანებით და ის თავისი ეპოქის ძეგლებს შორის ყველაზე გრანდიოზულია. მეჩეთის ფასადის დიდებულება განპირობებულია შვიდფერი მოზაიკური ფილების სილამაზითა და კალიგრაფიული ორნამენტული წარწერებით. მეჩეთის შემკობა გაგრძელდა შაჰ აბას I-ის მემკვიდრეების მმართველობის პერიოდშიც, რასაც მეჩეთის გუმბათზე  დატანილი წარწერები ადასტურბენ. მნახველზე შთაბეჭდილებას ახდენს მეჩეთის შიდა ეზოები, აივნები, მოჭიქული შორენკეცების განუმეორებელი ფერთა გამა. განსაკუთრებით შტამბეჭდავია სამხრეთ გუმბათი, რომელსაც ხმის გაძლიერების უნიკალური აკუსტიკა გააჩნია. ნაყშე ჯაჰანის მოედანთან ერთად, მეჩეთი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.

შეიხ ლოთფოლაჰის მეჩეთი

ირანული არქიტექტურის, კერძოდ კი ისპაჰანური სკოლის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუში აიგო 1602-1619 წლებში, შაჰ აბას I-ის ბრძანებით. მდებარეობს ნაყშ-ე ჯაჰანის მოედნის აღმოსავლეთ ნაწილში, ალი-ყაფუს სასახლის მოპირდაპირედ.  შეიხი ლოფოლაჰი ცნობილი შიიტი სწავლული იყო ჯაბალ-ე ამელიდან (დრევანდელი ლიბანი), რომელიც შაჰ აბას I-ის მიწვევით ისპაჰანში დასახლდა. ეს მეჩეთიც მის საპატივცემულოდ აიგო. მიჰრაბში დატანებული პატარა აბრა გვამცნობს, რომ მეჩეთი არქიტექტორი მოჰამედ რეზა ესფაჰანია. მეჩეთის დიდებულება მეტწილად განპირობებულია მოზაიკური ფილების სილამაზითა და კალიგრაფიული ორნამენტული წარწერებით.

 

ალი-ყაფუს სასახლე

ალი ყაფუს სასახლე ნაყშ-ე ჯაჰანის მოედნის დასავლეთ ნაწილში, შეიხ ლოთფოლაჰის მეჩეთის მოპირდაპირედ მდებარეობს. სასახლე ხუთსართულიანია. 48 მ. სიმაღლის. სასახლის ყველა სართული გაფორმებულია ირანული არქიტექტურის ტრადიციული ელემენტებით. მნახველზე განსაკუტრებულ შთაბეჭდილებას ახდენს სასახილს მეხუთე სართულის „მუსიკალური ოთახი“, რომლის ჭერისა და კედლების გამორჩეული მორთულობა, სტუკოს ორნამენტებში გამოჭრილი სხვადასხვა ფორმის ნიშები, ოთახს განსაკუთრებულ აკუსტიკას სძენს. სასახლის მესამე სართულს ამშვენებს დიდი აივანი მოჩუქურთმებული ხის თვრამეტი სვეტით და სპილენძით მოპირკეთებული მარმარილოს აუზით. აივნის ჭერი შემკულია ინკრუსტირებული ხის ელემენტებით. ის რაც ალი-ყაფუს სასახლეს განსაკუთრეულ მიმზვიდველობას სძენს, არის სეფიანტა ეპოქის ცნობილი ირანელი მხატვრის, რეზა აბასის მინიატურები.

ისპაჰანის ბაზარი და კეისრის პორტიკი

ისტორიული ბაზარი ისფაჰანში, ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ბაზარი ახლო აღმოსავლეთში და ყველაზე გრძელი დახურული ბაზარი მსოფლიოში. ეს არის ორ კილომეტრიანი ქუჩა, რომელიც ქალაქის ორ ნაწილს, ძველ და ახალ ქალაქს ერთმანეთთან აკავშირებს. ბაზრის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ მე-10 საუკუნის წყაროებში მოიპოვება, ის რამდენჯერმე განადგურდა და თავიდან აიგო. დღევანდელი სახით ისპაჰანის დიდი ბაზარი XVII  საუკუნით თარიღდება. ნაყშე ჯაჰანის მოედნის ჩრდიოეთ ნაწილში, ისპაჰანის ბაზრის შესასვლელში, ცნობილი ყეისარიეს თაღია (დიდი ბაზრის ჭიშკარი), რომელიც თავიდაპირველად სამ სართულიანი ნაგებობა იყო. ყეისარიეს თაღის მესამე სართული ცნობილი იყო სახელით „ნაყარა-ხანა“. ისპაჰანის ბაზარი დღესაც ქალაქის ერთერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრია. ბაზარს, სადაც ირანული სუვენირების ფართო არჩევანია, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ტურისტი სტუმრობს.

1979 წელს, ნაყშ-ე ჯაჰანის მოედანი, თავისი ისტორიული შენობებით, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი ობიექტის კრიტერიუმების  პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად (უნდა წარმოადგენდეს ადამინიას შემოქმედებითი გენიის ნიმუშს; ​უნდა იყოს ტრადიციული საცხოვრისის ან მიწათმოქმედების გამორჩეული მაგალითი, რომელიც წარმოადგენს რომელიმე კულტურას( კულტურებს), განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს კულტურა საფრთხის წინაშეა შეუქცევადი ცვლილებების გამო;  უნდა იყოს უშუალოდ ან თვალსაჩინოდ დაკავშირებული განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მქონე მოვლენებთან, ყოფით ტრადიციებთან, იდეებთან, რწმენასთან, მხატვრულ და ლიტერატურულ ნაწარმოებებთან.), შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

Next Prev

 

 

Next Prev

Check Also

ჩაჰარბაღის ბულვარი

ჩაჰარბაღის (სიტყვასიტყვით ოთხი ბაღი) ბულვარი, ისტორიული ქუჩაა ისპაჰანში; აშენდა სეფიანთა მმართველობის პერიოდში. იგი აკავშირებს ქალაქის …