ნაყშე ჯაჰანის მოედანი

ნაყშე ჯაჰანის მოედანი (სიტყვასიტყვით „ქვეყნიერების სურათი“ ), მდებარეობს ისპაჰანის ისტორიულ ნაწილში, გოლბაჰარის რაიონში. მოედანი გადაჭიმულია 560 მეტრზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და 165 მეტრზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. სანამ ისპაჰანი სეფიანთა იმპერიის დედაქალაქი გახდებოდა, ამ მოედნის ადგილას დიდი ბაღი იყო გაშენებული. თანამედროვე იერი მოედანმა მიიღო XVI საუკუნეში, როდესაც ისპაჰანი გახდა სეფიანების იმპერიის დედაქალაქი. მოედანი აშენდა 1590-1595 წლებში ოფიციალური ცერემონიების, სამხედრო აღლუმების, სპორტული თამაშობებისა და სადღესასწაულო ღონისძიებების გასამართად.  მოგვიანებით, 1602 წ., ქალაქის ამ ნაწილში ვაჭრობის განსავითარებლად, მოედნის მთელ პერიმეტრზე აშენდა მაღაზიების ორსართულიანი რიგები.  მოედნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს იმამის მეჩეთი (1979 წლამდე შაჰის საკრებულო მეჩეთი), დასავლეთით – ალი-ყაფუს სასახლე, აღმოსავლეთით – შეიხ ლოთფოლაჰის მეჩეთი, ჩრდილოეთ ნაწილში კი დიდი ბაზრის შესასვლელი, მონუმენტური კარიბჭით. მთლიანობაში ეს ნაგებობები უნიკალურ ისტორიულ და არქიტექტურულ ანსამბლს ქმნიან. ისპაჰანის ნაყშე ჯაჰანის მოედანი, მიმდებარე არქიტექტურული კომპლექსებით, იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

 

 

 

Check Also

ნუშაბადი

ნუშაბადი პატარა ქალაქია არან-ო-ბიდგოლის შაჰრესთანში; მდებარეობს ისპაჰანის ოსთანის ჩრდილო – დასავლეთ ნაწილში, დეშთე ქავირის უდაბნოს …