ისტორიული ბაზარი ისფაჰანში, ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ბაზარი ახლო აღმოსავლეთში და ყველაზე გრძელი დახურული ბაზარი მსოფლიოში. ეს არის ორ კილომეტრიანი ქუჩა, რომელიც ქალაქის ორ ნაწილს, ძველ და ახალ ქალაქს ერთმანეთთან აკავშირებს. ბაზრის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ მე-10 საუკუნის წყაროებში მოიპოვება, ის რამდენჯერმე განადგურდა და თავიდან აიგო. დღევანდელი სახით ისპაჰანის დიდი ბაზარი XVII საუკუნით თარიღდება. ნაყშე ჯაჰანის მოედნის ჩრდიოეთ ნაწილში, ისპაჰანის ბაზრის შესასვლელში, ცნობილი ყეისარიეს თაღია (დიდი ბაზრის ჭიშკარი), რომელიც თავიდაპირველად სამ სართულიანი ნაგებობა იყო. ყეისარიეს თაღის მესამე სართული ცნობილი იყო სახელით „ნაყარა-ხანა“. ისპაჰანის ბაზარი დღესაც ქალაქის ერთერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრია. ბაზარს, სადაც ირანული სუვენირების ფართო არჩევანია, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ტურისტი სტუმრობს.