ირანის ცენტრალური ბანკის ეროვნული საგანძური

ირანის ეროვნული საგანძური-მუზეუმი მდებარეობს ირანის ცენტრალური ბანკი შენობის საცავში. აქ თავმოყრილია საიუველირო ნაწარმი, რომელიც ირანის მმართველი სხვადასხვა დინასტიების მიერ საუკუნეების მანძილზე გროვდებოდა. ირანის ეროვნულ საგანძურს მსოფლიოში ერთ–ერთი უმსხვილესი საიუველირო ნაკეთობების კოლექცია გააჩნია. საცავში თავმოყრილია უნიკალური საიუველირო ნაკეთობები, ძვირფასი ქვები. ირანის ეროვნული საგანძური მნახველებისათვის მხოლოდ გარკვეულ დღეებშია გახსნილი და ისიც რამდენიმე საათით. მაგრამ ამ მცირე დროშიც კი მანხველე შესაძლებლობა ეძლევა წარმოდგენა შეიქმნას სხვადასხვა ეპოქის ოსტატთა ხელოვნებაზე და აქ დაგროვილი სიმდიდრის მასშტაბებზე. საგანძურში ინახება ცნობილი, მსოფლიოში ყველაზე დიდი, 182 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი დარია–ე–ნურ (სინათლის ზღვა); სამკაულები, სამეფო გვირგვინები, დიადემები, ხმლები, ნადირ შაჰის ფარი, რომელიც დამზადებულია მარტორქის ტყავისაგან და შემკულია ძვირფასი ქვებით, ფათალი შაჰი სამეფო ტახტი, ეგრეთწოდებული „ფარშევანგის ტახტი“; ХIХ საუკუნის მეორე ნახევრის უნიკალური გლობუსი, რომლის დასამზადებლად 34 კილოგრამი ოქრო და ოთხ კილოგრაამდე ძვირფასი ქვა დაიხარჯა.

საგანძურის ფონდის ძირითადი ნაწილი შეგროვდა სეფიანთა მართველობის ეპოქაში (1501-1736 წწ.), მათ თავი მოუყარეს ძვირფასეულობას ევროპიდან, ოსმალეთის იმპერიიდან, ინდოეთიდან. ზოგიერთი ექსპონატი (მათ შორის ბრილიანტი “დარია-იე ნურ”) ნადირ შაჰის ინდური ლაშქრობიდან იქნა ჩამოტანილი. კოლექციის გამდიდრებაში ყაჯართა დინასტიის მონარქებმა (1785-1925) ასევე დიდი წვლილი შეიტანეს; ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობდნენ შეეგროვებინათ და ირანში თავი მოეყარათ  საინტერესო ნიმუშებისთვის. მუზეუმში დაცული არაერთი ექსპონატი, მათი დაკვეთით, მათ განკარგულებაში არსებული ძვირფასი ქვებისგან დამზადდა.

სამუზეუმო ფონდში დაცულია და ექსპოზიციის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია ირანის უკანასკნელი სამეფო დინასტიის წარმომადგენლის,  შაჰ მუჰამედ რეზა ფეჰლავის და მისი მეუღლის, დედოფალ ფარაჰის გვირგვინები, დიადემები, გულსაკიდები, ბროშები… რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ეს უნიკალური საგანძური ირანის მმართველების და მათი ოჯახის პირად განკარგულებაში იყო. 1937 წელს რეზა შაჰ ფაჰლავიმ საგანძური სახელმწიფოს განკარგულებაში გადასცა; საგანძური გადაიტანეს ეროვნული ბანკის (ამჟამად ირანის ცენტრალური ბანკის) საცავებში. კოლექციის ნაწილი პირველად ფართო საზოგადოებისთვის გამოიფინა 1960 წელს, შაჰ მუჰამედ რეზა ფაჰლავის ბრძანებით. 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ მუზეუმმა ფუნქციონირება შეწყვიტა და მხოლოდ 90– იანი წლების დასაწყისში შესაძლებელი გახდა მუზეუმის ხელმეორედ გახსნა.

საგანძური დამთვარიელებლისათვის ღიაა მხოლოდ შაბათიდან სამშაბათის ჩათვლით 14 სთ-დან 17 სთ-მდე. სპარსულ, არაბულ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულენოვანი გიდის მომსახურება, შედის ბილეთის ღირებულებაში. მისამართი: ფირდოუსის პროსპექტი №140,  ირანის ისლამური რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი, ეროვნული საგანძურის მუზეუმი.

Next Prev
Next Prev

Check Also

მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი

ყაჯარული პერიოდს შენობა, სადაც დღეს მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმია განთავსებული, XXს-ის 10-ან წლებში  აშენდა …