თეირანის ოსთანში, ქალაქ ფირუზქუჰიდან 17 კილომეტრის დაშორებით, ელბრუსის მთათა სისტემაში, ულამაზესი ვიწრო უღელტეხილია, რომელიც ცნობილია სახელით თანგე ვაში ან თანგე სავაში (ვაშის ან სავაშის ხეობა). თანგე ვაშის თვალწარმტაცი ბუნება – ულამაზესი მინდვრები, ნაკადულები, კასკადური ჩანჩქერი, აღაფრთოვანებს მნახველს. თანგე ვაში, ლამაზი ბუნების გარდა, ცნობილია ისტორიული ძეგლებითაც. სწორედ ამ ხეობაშია ყაჯარული პერიოდის ცნობილი სამი ბარელიეფიდან ერთ – ერთი. (სხვა ორი ბარელიეფიდან ერთი მდებარეობს ქალაქ რეიში, მეორე – ქალაქ ამოლთან, ჰარაზის გზაზე.) ყაჯარული სამივე ბარელიეფი შესრულებულია ამ დინასტიის წარმომადგენლის, ფათალი-შაჰის ბრძანებით.
თანგე ვაშის ბარელიეფი საკმაოდ დიდი ზომისაა, 6მ. X 7მ.-ზე. ბარელიეფზე, წარწერების გარდა, რომლებიც ფათალი-შაჰის მმართველობის პერიოდში მომხდარ ამბებს აღწერს, ნადირობის დიდი სცენაა ასახული.