სავალანის მთა ჩამქრალი სტრატოვულკანია ირანში, არდებილის ოსთანში. სიმაღლით მესამე მწვერვალია ირანში, დემავენდისა და ალამქუჰის შემდეგ. მდებარეობს სომხეთის მთიანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით. სავალანის მთის სიმაღლე 4811 მ.-ია. ის სამხრეთით, მდინარე თალხერუდის ხეობით გამოყოფილია თალიშის მთების დასავლეთ შტოქედისაგან, აღმოსავლეთით, მდინარე ყარასუს ხეობით თალიშის მთავარი ქედიდან. სავალანის ვულკანურ წარმომავლობაზე მიუთითებს მისი ამგებელი ქანები და მწვერვალის ფორმა — ნაწილობრივ დანგრეული წაკვეთილი კონუსი და მის ფერდობებზე არსებული ცხელი გოგირდოვანი წყაროები. მის ჩრდილო კალთაზე მყინვარია, კრატერში კრატერული ტბა სავალანი.
გადმოცემების თანახმად, ზარათუშტრა სწორედ ამ მთაზე ელაპარაკებოდა აჰურამაზდას.