გოლესთანის სასახლე, ისტორიული შენობების კომპლექსი, მდებარეობს ქალაქ თეირანში, არგის მოედანზე. „გოლესთანი“ სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ვარდების სასახლე“.
გოლესთანის ისტორიულ კომპლექსში შემავალი შენობები, სხვადასხვა დროსაა აშენებული. პირველი სასახლის მშენებლობა, სეფიანების ხანას, შაჰ-თამაზ I-ის მეფობის პერიოდს (1524-1576 წწ.) უკავშირდება. მუდმივად მიმდინარეობდა სასახლის რესტავრაცია XVIII-XIX საუკუნეების განმავლობაში. მშენებლობის მასშტაბები საგრძნობლად გაიზარდა ყაჯართა დინასტიის მმართველობის პერიოდში, რა დროსაც გოლესთანის სასახლე იქცა ყაჯართა სამეფო რეზიდენციად. ფეჰლევების დინასტიის მმართველობის დროს, სასახლე ოფიციალური ცერემონიებისთვის გამოიყენებოდა. გოლესთანის სასახლე-მუზეუმში გაერთიანებულია 20-მდე ნაგებობა: ანთროპოლოგიური მუზეუმი, ბრილიანტის დარბაზი, ფოტოგრაფიის მუზეუმი, პორტრეტების და სურათების გალერეა, შამს-ოლ-ემარეს პავილიონი, მარმარილოს სატახტო დარბაზი… 2013 წელს, გოლესთანის სასახლის კომპლექსი, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი ობიექტის კრიტერიუმების მე-3 და მე-6 პუნქტების თანახმად (კულტურული ტრადიციის, ან, დღესაც არსებული ან გამქრალი ცივილიზაციის ამსახველი უნიკალური ან განსაკუთრებული ნიმუში; უნდა იყოს უშუალოდ ან თვალსაჩინოდ დაკავშირებული განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მქონე მოვლენებთან, ყოფით ტრადიციებთან, იდეებთან, რწმენასთან, მხატვრულ და ლიტერატურულ ნაწარმოებებთან.) შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.