ბაბა თაჰერის მავზოლეუმი

X- XI საუკუნეების ირანელი პოეტისა და მისტიკოსის, ბაბა თაჰერის მავზოლეუმი ქალაქ ჰამადანში, ბაბა თაჰერის მოედანზე მდებარეობს. მავზოლეუმის შენობა აგებულია 1970 წელს, ხოლო 1997 წელს შეტანილი იქნა ირანის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. ბაბა თაჰერი ასევე ცნობილია ფსევდონიმით „ურიანი“ , რაც უპოვარს, უქონელს ნიშნავს. პოეტი წერდა ხალხისთვის საკმაოდ გასაგები ენით. ხშირად მიმართავდა მშობლიურ დიალექტს და სასაუბრო ფორმებს, რამაც ხელი შეუწყო მისი შემოქმედების დიდ პოპულარობას. ბაბა თაჰერის კალამს ეკუთვნის სამასზე მეტი დუბეითი, რამდენიმე ყაზალი და თეოლოგიური ტრაქტატი, რომელიც არაბულ ენაზეა შედგენილი.

ბაბა თაჰერის მავზოლეუმი ჰამადანში, მდებარეობს მართკუთხა მოედნის ცენტრში, პატარა გორაკზე. მას რვაკუთხა პრიზმული კოშკის ფორმა აქვს, რომლის სიმაღლეა 20 მეტრი. ამშვენებს ფირუზისფერი გუმბათი და გარშემორტყმულია რვა სვეტით. მავზოლეუმის კომპლექსის საერთო ფართი, მიმდებარე პარკთან ერთად, 8965 კვადრატული მეტრია. მავზოლეუმის ჭერი მორთულია მოზაიკით. ინტერიერის კედლებზე მარმარილოს ოცდაოთხი ფილაა დამაგრებული, რომლებზედაც ბაბა-თაჰერის დუბეითებია ამოტვიფრული. კედელზე ასევე მიმაგრებულია თითბერის ორი ფირფიტა, რომელთაგან ერთ-ერთზე მავზოლეუმის მშენებლობაში მონაწილე ირანული ისტორიული ძეგლების ეროვნული ასოციაციის დამფუძნებლების სახელებია ამოტვიფრული, ხოლო მეორე ფირფიტაზე – გამოჩენილი მოღვაწეებისა და მეცნიერების სახელები, რომლებიც ბაბა-თაჰერის გვერდით არიან დაკრძალულნი.

Next Prev
Next Prev

Check Also

ეკბატანას მუზეუმი

ეკბატანას მუზეუმი ქალაქ ჰამადანში, ჰაფთე-თირის მოედანზე მდებარეობს. მუზეუმი გაიხსნა 1994 წელს. მდებარეობს ეკბატანას ბორცვის აღმოსავლეთ …