შაჰრ-ე სუხთე

არქეოლოგიური ძეგლი შაჰრ-ე სუხთე, ბრინჯაოს ხანის სავაჭრო გზების გადაკვეთაზე მდებარე ქალაქი, განეკუთვნება ჯიროფტის კულტურას. მდებარეობს ირანში, ქალაქ ზაბოლიდან 120 კმ.-ში, სისთანისა და ბელუჯისთანის ოსთანში. ქალაქი გაშენებული იყო მდინარე ჰელმანდის და ჰამუნის ტბის შესართავ ნაპირზე.  ქალაქის მშენებლობის პერიოდი ემთხვევა ჯიროფტის ცივილიზაციის ბრინჯაოს ხანას. ქალაქის მოულოდნელი დაწინაურების და დაცემის მიზეზები საიდუმლოებითაა მოცული. ქალაქი მოიცავს 280 ჰექტარ ტერიტორიას და შედგება ხუთი ძირითადი ნაწილისაგან: საცხოვრებელი ნაწილი, ცენტრალური ნაწილი, სამრეწველო ზონა, საკულტო ნაგებობები და სასაფლაო. აღსანიშნავია, რომ შაჰრ-ე სუხთეში, არქეოლოგიური კვლევების დროს, კაცობრიობის ისტორიაში ბევრის საინტერესო „პირველი“ აღმოჩენა გაკეთდა: თავის ტვინზე ჩატარებული პირველი ოპერაცია, პირველი ხელოვნური თვალი, პირველი ანიმაცია თიხის ჭურჭელზე, პირველი ნარდი და ჭადრაკი და სხვა. 2014 წელს, შაჰრ-ე სუხთე მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი ობიექტის კრიტერიუმების  მე-2 და მე-6 პუნქტების თანახმად (​უნდა მიუთითებდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში, ან მსოფლიო რომელიმე კულტურული არეალის ფარგლებში არქიტექტურის, მონუმენტური ხელოვნების, ქალაქგეგმარების ან ლანდშაფტური არქიტექტურის განვითარების სფეროში ადამიანურ ფასეულობათა მნიშვნელოვან ურთიერთგაცვლაზე; უნდა იყოს უშუალოდ ან თვალსაჩინოდ დაკავშირებული განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მქონე მოვლენებთან, ყოფით ტრადიციებთან, იდეებთან, რწმენასთან, მხატვრულ და ლიტერატურულ ნაწარმოებებთან.) შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

Next Prev
Next Prev

Check Also

სოლთანიეს მეჩეთი

სოლთანიეს მეჩეთი, ოლჯაითუ-ხოდაბანდეს მავზოლეუმი, XIV საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქალაქი ზენჯანში, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ზენჯანის ოსთანში მდებარეობს. …