სუზა

სუზა, ანტიკური ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ირანში, მდებარეობს ხუზისტანის ოსთანში, ზაგროსის მთიანეთის კალთის ძირში, მდინარე ქერხესა და დეზს შორის. ამ უძველესი ქალაქის ადგილას დღეს გაშენებულია ქალაქი შუშა, შუშის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. ანტიკური ქალაქი სუზა მოიცავს არქეოლოგიურ გორაკთა ჯგუფს მდინარე შავურის აღმოსავლეთ ნაპირზე. სუზა მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობდა, ფართოდ იყო გაჩაღებული ვაჭრობა შუამდინარეთის ქალაქებთან. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა სასახლის, ადმინისტრაციული და საცხოვრებელი ნაგებობების ნაშთები. სუზა მოიცავს რამდენიმე კულტურულ უწყვეტ არქეოლოგიურ ფენას, რომელთა დათარიღება ხდება ძვ. წ. V ათასწლეულის ბოლოდან XIII საუკუნემდე. ქალაქის არქეოლოგიური გათხრების შედეგად, მოპოვებულია უმდიდრესი მასალა მეტწილად გამქრალი ელამური, პართული და სპარსული კულტურული ტრადიციების შესახებ. სუზას აპადანას სასახლე, წარმოადგენდა აქემენიდ მეფეთა ზამთრის რეზიდენციას და დარიოს I- ის მთავარი სასახლეს; იყო ნაწილი სუზას სასახლეთა კომლექსისა. მშენებლობა პერსეპოლისის პარალელურად, დარიოს დიდი ბრძაბენით განხორციელდა მიახლოებით ძვ.წ. 521-515 წწ-ში. სასახლის ფართობი დაახლოებით 10400 კვ.მ. იყო, კედლები აგურით იყო ნაშენები, ხოლო გადახურვა ეკავა 20 მ. სიმაღლის 36 კოლონას. აქემენიანთა ეპოქის ხელოვნებამ სახელი გაითქვა თავისი ურიცხვი მოჭიქული პანოებით, რელიეფური ფერადი გამოსახულებებით. ყველაზე ცნობილია სუზას სასახლის ფრიზი მეფის “უკვდავთა” გვარდიის მეომრების ფიგურებით, რომელთაც მდიდრულად მორთული ორნამენტებიანი ტანსაცმელი აცვიათ. 2015 წელს, სუზა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი ობიექტის კრიტერიუმების  პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად (უნდა წარმოადგენდეს ადამინიას შემოქმედებითი გენიის ნიმუშს; უნდა მიუთითებდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში, ან მსოფლიო რომელიმე კულტურული არეალის ფარგლებში არქიტექტურის, მონუმენტური ხელოვნების, ქალაქგეგმარების ან ლანდშაფტური არქიტექტურის განვითარების სფეროში ადამიანურ ფასეულობათა მნიშვნელოვან ურთიერთგაცვლაზე; უნდა წარმოადგენდეს რომელიმე კულტურული ტრადიციის ან, დღესაც არსებული ან გამქრალი ცივილიზაციის ამსახველ უნიკალურ ან განსაკუთრებულ ნიმუშს; უნდა წარმოადგენდეს ნაგებობის, არქიტექტურული ანსამბლის ან ლანდშაფტის ღირსშესანიშნავ მაგალითს, რომელიც ასახავს კაცობრიობის ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპს(ებს)) შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

.

Next Prev
Next Prev

Check Also

სოლთანიეს მეჩეთი

სოლთანიეს მეჩეთი, ოლჯაითუ-ხოდაბანდეს მავზოლეუმი, XIV საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქალაქი ზენჯანში, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ზენჯანის ოსთანში მდებარეობს. …