თეირანიდან 25 კილომეტრში, პატარა ქალაქ ლავასანის სამხრეთით, მდინარე ჯაჯრუდზე აშენებულია ბეტონის კაშხალი, რომელიც ლათიანის კაშხლის სახელით არის ცნობილი. ლათიანის კაშხალს და წყალსაცავს დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქ თეირანის წყლით მომარაგების საკითხში (ქალაქის წყალმომარაგების დაახლოებით 30% ). კაშხალი მდებარეობს მდინარეების ბარგ-ე ჯაჰანისა და ჯაჯრუდის შესართავთან, ჯაჯრუდისა და ბანდაქის მთებს შორის ხეობაში და გარშემორტყმულია ულამაზესი ტყე-პარკით. კაშხლის წყალსაცავი ზღვის დონიდან 1600 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მდინარე ჯაჯრუდის აუზის ფართობი 69 800 კვ.კმ.-ია, ხოლო მისი საშუალო წლიური წყალჩადინება 350 მილიონი კუბური მეტრი. კაშხლის მშენებლობა დაიწყო 1963-64 წწ. და ექსპლუატაციაში შევიდა 1967-68 წწ. კაშხლის აშენების ძირითადი მიზნებიდან მთავარი, თეირანისთვის სასმელი წყლის მომარაგებაა (290 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით; წყალი 9,5 კილომეტრიანი გვირაბის დახმარებით, თეჰრანფარსის წყლის გამწმენდი ნაგებობისკენ მიედინება); აგრეთვე ვარამინის ველების წყლით უზრუნველყოფა სასოფლო-სამეურნეო საჭიროებებისათვის (საშუალოდ 160 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით) და ელექტროენერგიის წარმოება, წელიწადში საშუალოდ 70 ათასი მეგავატი საათის ოდენობით. სწრაფად მზარდ ქვეყნის მეტროპოლიაში სასმელი წყლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, 1988-89 წწ-დან, ხორციელდება ლათიანის კაშხლის წყალსაცავის შევსება ლარის წყალსაცავიდან (საშუალოდ წლიურად 160 მილიონი კუბური მეტრი წყალი) რის შედეგადაც ლათიანის კაშხლის წყლის მოცულობა 410 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზარდა.
კაშხლის სახელი ლათიანი, მომდინარეობს აქ მდებარე სოფლის სახელწოდებიდან, რომელიც კაშხლის მშენებლობის შედეგად წყლის ქვეშ მოექცა.