ირანის სომხური სამონასტრო ანსამბლები

ირანის სომხური სამი სამონასტრო ანსამბლი, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო – დასავლეთ ნაწილში, დასავლეთ აზერბაიჯანის და აღმოსავლეთ აზერბაიჯაბი ოსთანებში; ესენია: წმინდა თადეოსის მონასტერი, წმინდა სტეფანოსის მონასტერი და ძორძორის სამლოცველო.

ეს ეკლესიები, რომელთაგან ყველაზე ძველი, წმინდა თადეოზის მონასტერი, VII საუკუნით თარიღდება, არის სომხური არქიტექტურული და დეკორატიული ტრადიციების განსაკუთრებული, უნივერსალური ღირებულების მაგალითები. ისინი მოწმობენ სხვა რეგიონულ კულტურებთან, განსაკუთრებით ბიზანტიურ, მართლმადიდებლურ და სპარსულ კულტურებთან ძალიან მნიშვნელოვან ურთიერთქმედებასა და ურთიერთგაცვლას. სომხური კულტურული ძირითადი არეალის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მონასტრები, წარმოადგენდა რეგიონში ამ კულტურის გავრცელების მთავარ ცენტრს. გარდა ამისა, ეს სამონასტრო ანსამბლები, საუკუნეების განმავლობაში სომხური რელიგიური ტრადიციების ცოცხალი მოწმეები არიან. მონასტრები ასწლეულების მანძილზე ბუნებრივი თუ ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კატაკლიზმების შედეგად არაერთხელ დაზიანებულა; ისინი რამდენჯერმე აღადგინეს სომხური კულტურული და არქიტექტურული ტრადიციების შესაბამისად. 2008 წელს, ირანის სომხური სამი სამონასტრო ანსამბლი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი ობიექტის კრიტერიუმების  მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად (​უნდა მიუთითებდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში, ან მსოფლიო რომელიმე კულტურული არეალის ფარგლებში არქიტექტურის, მონუმენტური ხელოვნების, ქალაქგეგმარების ან ლანდშაფტური არქიტექტურის განვითარების სფეროში ადამიანურ ფასეულობათა მნიშვნელოვან ურთიერთგაცვლაზე; უნდა წარმოადგენდეს რომელიმე კულტურული ტრადიციის ან, დღესაც არსებული ან გამქრალი ცივილიზაციის ამსახველ უნიკალურ ან განსაკუთრებულ ნიმუშს; უნდა წარმოადგენდეს ნაგებობის, არქიტექტურული ანსამბლის ან ლანდშაფტის ღირსშესანიშნავ მაგალითს, რომელიც ასახავს კაცობრიობის ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპს(ებს)), შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

წმინდა თადეოსის მონასტერი

წმინდა თადეოსის მონასტერი, ასევე ცნობილი როგორც “ყარა ქელისა” (შავი ეკლესია), უძველესი სომხური მონასტერია დასავლეთ აზერბაიჯანის ოსთანის მთიან მხარეში, ქალაქ მაქუდა 20 კმ.-ში. მონასტერი და მისი გამორჩეული, კონუსური გუმბათები, შორი მანძილიდან იპყრობს მზერას.

სომხური სამოციქულო ეკლესიის ტრადიციის თანახმად, წმიდა მოციქული იუდა თადეოსი, ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, სახარებას სომხეთსა და სპარსეთში ქადაგებდა. იგივე ტრადიციის თანახმად, წმიდა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა სომხეთის ქალაქ არათში. გადმოცემის თანახმად, მის სახელზე აშენებული პირველი ეკლესია, ახ.წ. 68 წელს, ახლანდელი  “ყარა ქელისას” ადგილას აიგო. პირველი ცნობები მონასტრის შესახებ VII საუკუნეში ჩნდება. 1319 წლის მიწისძვრის შედეგად, ძველი ტაძარი საგრძნობლად დაზიანდა და 1329 წელს, იგი თითქმის მთლიანად თავიდან ააგეს. დღევანდელი შენობის უდიდესი ნაწილი XIX საუკუნის ადრეული წლებით თარიღდება, როდესაც ყაჯარების დინასტიის პრინცის, აბას მირზას დახმარებით მონასტერს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა. მონასტრეს გარს არტყავს თავდაცვითი გალავანი და დღეისათვის მიტოვებული სამონასტრი შენობები. “ყარა ქელისა”კიდევ ორ სხვა სომხურ მონასტერთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შიეტანილი.

წმინდა სტეფანოსის მონასტერი

წმინდა სტეფანოსის სომხური მონასტერი< ცნობილი სომხური სახელით მაღარდავანქი,  დასავლეთ აზერბაიჯანის ოსთანში, ქალაქ ჯოლფადან 15 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე არაქსის ღრმა ხეობაში, ირან-აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. IX საუკუნეში აშენებული წმინდა სტეპანოსის ეკლესია, სომხური ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქმნილებაა. XIII-XIV საუკუნეებში სამონასტრო კომპლექსი, მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი იყო, მასთან არსებული სასწავლებელით. მიწისძვრების შედეგად რამდენიმეჯერ დაზიანების შემდეგ, სეფიანთა იმპერიის პერიოდში შეკეთდა. XX საუკუნეში მონასტერს რამდენიმეჯერ ჩაუტარდა რესტავრაცია. ეკლესიას აქვს ლამაზი გარე დეკორი, რომლის ბარელიეფებში ტრადიციული ბიბლიური სცენებია აღბეჭდილი. წმინდა სტეფანოსის ეკლესია შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

ძორძორის სამლოცველო

ძორძორის სამლოცველო, ღვთისმშობლის სახელობის სომხური სამონასტრო კომპლექსის ჩვენამდე მოღწეული ნაგებობაა, რომელიც  დასავლეთ აზერბაიჯანის ოსთანში, მაქუს რაიონში, მდინარე ზანგმარზე, სოფელ ბარუნთან მდებარეობს. ძორძორის სამლოცველო ჯვარგუმბათოვანი სტილისაა და  IX-XIV  სს.-ით თარიღდება. მონასტერი აყვავების ხანას XIV-XV საუკუნეში აღწევს. ხოლო მას შემდეგ რაც შაჰ-აბას I-მა გადაწყვიტა სომხების გადასახლება აღნიშნული ტეიტორიებიდან, მონასტერი ფაქტიურად განადგურდა. 1987-1988 წლებში მდინარე ზანგმარზე კაშხალის მშენებლობის გამო, სომხურ სამოციქულო ეკლესიასა და ირანის მთავრობას შორის შეთანხმების შემდეგ, ძორძორის სამლოცველო 600 მეტრით გადაადგლეს.

ძორძორის სამლოცველო, წმ. თადეოსის და წმ. სტეფანოსის მონასტრებთან ერთად, იუნესკოს 2008 წლის 6 ივლისიდან, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

Next Prev
Next Prev

 

Check Also

სოლთანიეს მეჩეთი

სოლთანიეს მეჩეთი, ოლჯაითუ-ხოდაბანდეს მავზოლეუმი, XIV საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქალაქი ზენჯანში, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ზენჯანის ოსთანში მდებარეობს. …