ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად. ოსთანი (მხარე, პროვინცია) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ირანში. ოსთანებად დაყოფა ირანში 1937 წელს შემოიღეს. ოსთანის სათავეში დგას ოსთანდარი (გუბერნატორი). თვითონ ოსთანი იყოფა რამდენიმე რაიონად — შაჰრესთანად. თითოეული ოსთანი იმართება ადმინისტრაციული ცენტრით, რომელიც, როგორც წესი, ოსთანის უდიდესი ქალაქია. ოსთანდარს (გუბერნატორს) ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი და თანამდებობაზე ამტკიცებს მინისტრთა კაბინეტი.
1906-1950 წწ-ში, ირანი დაყოფილი იყო თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბალუჩისტანი, ფარსი, გილანი, ერაყ-ე აჯამ, ხორასანი, ხუზისთანი, ქირმანი, ლარესთანი, ლორესთანი და მაზანდარანი.
1950 წელს, რეორგანიზაციიის შედეგად, მოხდა ათი ოსთანის ფორმირება ნუმერაციის მიხედვით – პირველი, მეორე, მესამე და ა.შ., მათზე დაქვემდებარებული გუბერნიებით: გილანი, მაზანდარანი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, დასავლეთი აზერბაიჯანი, ქირმანშაჰი, ხუზისთანი, ფარსი, ქირმანი, ხორასანი და ისპაჰანი. 1960-დან 1981-მდე გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა ოსთანის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შეიქმნა. ყველაზე ბოლოს, 2010 წელს, თეირანის ოსთანი გაიყო ორად, მას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო და დამოუკიდებელ ოსთანად ჩამოყალიბდა ალბორზის მხარე. მანამდე, 2004 წელს, ხორასანის ოსთანი დაიყო სამ ახალ ოსთანად – ხორასან რაზავის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ხორასნის ოსთანებად.
დღეს ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად, ესენია: არდებილის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის, ბუშეჰრის, გილანის, გულისტანის, დასავლეთ აზერბაიჯანის, ზენჯანის, თეირანის, ალბორზის, იაზდის, ილამის, ისპაჰანის, ლურისტანის, მაზანდარანის, მარქაზის, სამხრეთ ხორასნის, ჩრდილოეთ ხორასნის, ხორასანე რაზავის, სემნანის, სისტან-ბელუჯისტანის, ფარსის, ქერმანის, ქერმანშაჰის, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადის, ქურთისტანის, ყაზვინის, ჩაჰარმაჰალი და ბახტიარის, ხუზისტანის, ჰამადანის და ჰორმოზგანის ოსთანები.
ქერმანის ოსთანი
ირანის 31 ოსთანიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ქერმანის ოსთანი, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ესაზღვრება ირანის ხუთ ოსთანს: დასავლეთით ფარსის, ჩრდილოეთით იაზდის, ჩრდილო-დასავლეთით სმხრეთ ხორასნის, აღმოსავლეთით სისტან-ბელუჯისტანის და სამხრეთით ჰორმოზაგანის ოსთანები. დაყოფილია 23 შაჰრესთანად, ესენია: ქერმანი, სირჯანი, რაფსანჯანი, ჯიროფტი, ბამი, სამხრეთ რუდბარი, ზარანდი, ქაჰნუჯი, შაჰრე ბაბაქი, ბაფტი, რიგანი, ანბარაბადი, ბარდსირი, ყალე განჯი, ფაჰრაჯი, მანუჯანი, ნარმაშირი, რავარი, არზუიე, ანარი, რაბორი, ფარიაბი და ქუჰბანანი. ოსთანის მოსახლეობა შეადგენს 3 164 718 ადამიანს. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ქერმანი. ქაქალაქი ქერმანი, ოსთანის ყველაზე დიდი და განვითარებული ქალაქია. ის ცნობილია თავისი ხანგრძლივი ისტორიითა და ძლიერი კულტურული მემკვიდრეობით. აქ მრავალი ზოროასტრული ტაძარი და ისტორიული მეჩეთია. თავისი ისტორიის განმავლობაში, ქერმანი რამდენჯერმე გახდა ირანის დედაქალაქი. ქერმანი მდებარეობს დედაქალაქ თეირანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 984 კილომეტრის დაშორებით, ლუთის უდაბნოს საზღვარზე, გარშემორტყმულია მთებით. 2017 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 838 724 ადამიანს შეადგენს. ქერმანი ხასიათდება უდაბნოს კლიმატით, აქვს ცხელი ზაფხული და ცივი ზამთრი. ნალექები მწირია მთელი წლის განმავლობაში.
თავდაპირველად ქერმანი დაარსდა როგორც თავდაცვითი ფორპოსტი, სახელწოდებით ვეჰ-არდაშირ, სასანიანთა იმპერიის დამაარსებლის არდაშირ პირველის მიერ, III საუკუნეში. 642 წელს, ნეჰავენდის ბრძოლის შემდეგ, ქალაქი მუსლიმთა მმართველობაში მოექცა. თავდაპირველად, ქალაქის შედარებითმა იზოლაციამ, ხარიჯიტებსა და ზოროასტრიელებს აყვავების შესაძლებლობა მისცა, მაგრამ 698 წელს ხარიჯიტები განადგურდნენ და უკვე 725 წლისთვის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მუსლიმი იყო. მე-8 ს.-ში ქალაქი ცნობილი იყო ქიშმირისა და სხვა ქსოვილების წარმოებით. რეგიონში აბასიანთა სახალიფოს სუსტი მართველობა, X საუკუნეში ბუიდების დინასტიამ ჩაანაცვლა, რომელიც ქალაქზე კონტროლს ინარჩუნებდა მაშინაც კი, როდესაც X ს. ბოლოს რეგიონი და ქალაქი მაჰმუდ ღაზნევის მმართველობაში გადავიდა. XI-XIII სს. თურქ-სელჯუკთა მმართველობის პირობებში ქერმანი ფაქტობრივად დამოუკიდებლად რჩებოდა. როდესაც 1271 წ. მარკო პოლომ ქერმანში იმოგზაურა, ქალაქი მთავარ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა, რომელიც სპარსეთის ყურეს, ხორასანთან და შუა აზიასთან აკავშირებდა. თუმცა, შემდგომში ქერმანი არაერთხელ გაძარცვეს სხვადასხვა დამპყრობლებმა. ქალაქი სწრაფად ვითარდებოდა და იზრდებოდა სეფიანთა დინასტიის მმართველობის დროს. ამ პერიოდში ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში ქერმანული ხალიჩების ექსპორტი ხორციელდებოდა. 1794 წელს, ექვს თვიანი ალყის შემდეგ, აღა მაჰმადხანმა აიღო ქერმანი, სადაც გამაგრებული იყო ლუთფ ალი-ხან ზენდი, მოსახლეობის მხრიდან ზენდების სამეფო დინესტიის ბოლო წარმომადგენელის მხარდაჭერით გაბრაზებულმა აღა მაჰმადხანმა, ქერმანის მოსახლეობის მამრობითი სქესის წარმომადგენლების დიდი ნაწილი ამოხოცა, ზოგს თვალები დასთხარა; ქალები და ბავშვები მონებად გაყიდა. სამ თვეში ქალაქი კი ნანგრევებად აქცია. XIX ს. ქალაქი აღადგინეს ძველი ქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით, მაგრამ ქერმანი მხოლოდ მე-20 ს.-ში დაუბრუნდა თავის ძველ მასშტაბებს.
ქერმანი ირანის რამოდენიმე ქალაქთაგან ერთ-ერთია, რომელსაც აქვს ძლიერი კულტურული მემკვიდრეობა, გამოხატული ადგილობრივი აქცენტით, პოეზიით, ადგილობრივი მუსიკით, ხელოსნობითა და წეს-ჩვეულებეით. მსოფლიოში ერთადრთი და უნიკალური, ირანის ზოროასტრიელთა ანთროპოლოგიის მუზეუმი, რომელიც ასახავს ზოროასტრიელთა ძველ ისტორიას, მდებარეობს ქერმანის ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარში.
ქალაქ ქერმანის სამხრეთით მდებარეობს უძველესი არქეოლოგიური ძეგლები – ქალაქები ჯიროფტი და ბაფტი. ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით განლაგებულია რაინის ციხე-სიმაგრე, რომელით ბამის ქალაქ-ციტადელის თითქმის ანალოგიურია. ქერმანი განთქმულია მისთვის დამახასიათებელი ხელნაკეთობებით და სუვენირებით. განსაკუთრებით საინტერესოა ტრადიციული ნაქარგობა ფათე, ასევე ქერმანული ხალიჩები, ჯეჯიმები, ქილიმები და სხვა. რაფსანჯანისა და ქერმანის პროვინციის ფსტა და კვლიავის თესლი, საუკეთესოა რეგიონში.