ისტორიული ძეგლი რაბ-ე რაშიდი მდებარეობს ქალაქ თავრიზის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. რაბ-ე რაშიდი წარმოადგენდა საგანმანათლებლო ცენტრს, რომელიც დაახლოებით 700 წლის წინ დააარსა რაშიდ ედ-დინმა. რაშიდ ად-დინ ფაზლოლა ჰამედანი (1247 — 1318) იყო ებრაული წარმოშობის ირანში მოღვაწე ისტორიკოსი, ექიმი, სწავლული, მონღოლთა ვეზირი. ირანის მონღოლი ყაენების, ყაზან-ყაენისა და ოლჯაითუ-ყაენისაგან მიიღო დავალება, შეედგინა „საყოველთაო“, მსოფლიო ისტორია. ნაშრომზე, რომელსაც, „ჯამი ათ-თავარიხი“ – „ისტორიათა კრებული“ ეწოდება, რაშიდ ად-დინის ხელმძღვანელობით, მუშაობდა მთელი ჯგუფი. რაშიდ ად-დინი ცდილობდა გარს შემოეკრიბა თავისი დროის ყველაზე ცნობილი ინტელექტუალები ფილოსოფიის, მეცნიერებისა და მედიცინის სფეროებში. ნაშრომი „ჯამი ათ-თავარიხი“ იყო მუსლიმური სამყაროსათვის მეტად იშვიათი მცდელობა, საყოველთაო ისტორია გასცდენოდა ისლამურ სამყაროსა და ცივილიზაციას. რაშიდ ად-დინმა ამ ნაშრომით მუსლიმურ ისტორიოგრაფიაში მოიპოვა გამორჩეული ადგილი. სამწუხაროდ დღეს ისტორიული ნაგებობა რაბ-ე რაშიდიდან, მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი.