ალავერდი-ხან უნდილაძის მიერ ქალაქ ისპაჰანში მდინარე ზაიანდერუდზე აგებული 33-თაღიანი ხიდი, დღემდე ითვლება სეფიანთა არქიტექტურის ერთ-ერთ ბრწყინვალე ნიმუშად და ისპაჰანის თერთმეტი ისტორიული ხიდიდან ყველაზე დიდია. აშენდა 1599-1602 წლებში შაჰ-აბას I-ის მმართველობის დროს. ხიდი ორსართულიანია, კედლები თხელი აგურით არის ნაშენები. ზედა სართულს ამშვენებს რამდენიმე ძალიან ლამაზი გუმბათი. ხიდის საერთო სიგრძეა 297,76 მ, სიგანე 14,75 მ.-ია. სი-ო-სე ფოლის თაღოვან-კამაროვანი ხიდი შედგება 33 მალისაგან, რის გამოც მიიღო თავისი სახელწოდება, ვინაიდან „სი ო სე ფოლ“ თარგმანში სიტყვასიტყვით ნიშნავს „ოცდაცამეტ ხიდს“. ხიდს, სავალი ნაწილის ორივე მხარეს, გასდევს თაღედები, რომლებიც თავდაპირველად მოხატული იყო.