გავმიშანის ხიდი აშენებულია მდინარე სეიმარზე, ქალაქ ფოლდოხთარიდან 30 კმ-ზე, ლურისტანისა და ილამის ოსთანების საზღვარზე. ხიდი სასანიანთა ეპოქის ძეგლებს მიეკუთვნება, არის ექვს მალიანი, დაახლოებით 175 მეტრი სიგრძისა, თითქმის 8,2 მეტრი სიგანისა. საყრდენი ბურჯების სიგანე 2,5 მ., ხოლო მათ შორის მანძილი მერყეობს 25 მეტრამდე მერყეობს. ხიდის მთავარი თაღის სიგანე 33,7 მეტრია. ხიდის მშენებლობისას ძირითადად გამოყენებულია აგურის და ქვის მასალა. ხიდის საძირკველი და საყრდები სვეტები მრგვალი და სქელია, აშენებულია თანაბარი ზომის დიდი გლუვი კუბური ქვებისგან, თაღები აგურით იყო ნაგები. ხიდის თაღები და სავალი ნაწილი 20 × 25სმ. ზომის აგურით არის ნაშენები. ხიდის ფასადზე არის ყრუ და ღია თაღები, ასევე ტალღასაჭრელები, რომლებიც დერეფნებით და საფეხურებით ერთმანეთთან არიან დაკავშირებული. საფეხურების არსებობა ცენტრალური ბურჯის დერეფნის ცენტრში მიუთითებს იმაზე, რომ ხიდი არა მხოლოდ მდინარის ორი ნაპირის დამაკავშირებელ ფუნქციას ასრულებდა, არამედ მექარავნეების თავშესაფრადაც გამოიყენებოდა. ეს ხიდი 1600 წელს აღადგინა ილამისა და ლურისტანის ცნობილმა მმართველმა ჰოსეინ ხან ბოზორგმა. მოგვიანებით, 1916 წელს, მიწისძვრამ ხიდი ძლიერ დააზიანა. აგურის ოგივალური თაღები და ხიდის ამჟამინდელ ფასადზე სხვა ტიპის მასალის არსებობა, აჩვენებს რომ ხიდი არერთხელ იქნა რეკონსტრუირებული. თაღებში ასევე ნათლად ჩანს სეფიანთა და ყაჯართა პერიოდების სარესტავრაციო სამუშაოების კვალი.