ვანქის მაცხოვრის სახელობის სომხური ეკლესია, თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, მოოქრული ჭერითა და გუმბათით, დახვეწილი გემოვნებით შესრულებული მხატვრობით, ქალაქ ისპაჰანის სომხური უბნის, ჯულფას ყველაზე მნიშვნელოვან თვალსაჩინო ძეგლს წარმოადგენს. „ვანქის“ ეკლესიის ხუროთმოძღვრება, კედლის ორნამენტი და მოხატულობა ირანელ ოსტატებს ეკუთვნით, ხოლო სიუჟეტური კომპოზიციები ევროპელ ფერმწერთა მიერაა შესრულებული. ტაძარი 1605-1655 წწ. აშენდა.
ტაძართან არსებულ ბიბლიოთეკასა და მუზეუმში დაცულია შვიდასზე მეტი ხელნაწერი წიგნი და მრავალი ფასდაუდებელი და უნიკალური შუასაუკუნეების მასალა სომხურ და ევროპულ ენებზე. მუზეუმში წარმოდგენილია მრავალი ექსპონატი, ტაძრის ისტორიისა და ისპაჰანის სომეხთა საზოგადოების ისტორიიდან.