انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

რუდხანის ციხე

რუდხანის ციხე, სასანიანთა ეპოქის თავდაცვითი ნაგებობა, მდებარეობს ქალაქ ფუმენიდან 30 კილომეტრის მანძილზე, სოფელ რუდხანში, ტყიან მასივში, შემაღლებულ გორაკზე. ციხე აშენებულია 6,2 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე; ციხის კედლების სიგრძე 1,5 კილომეტრია. ციხის კედლებზე 65 კოშკი იყო, რომელთაგან ამ დროისთვის მხოლოდ 42 გადარჩა. ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუდხანის ციხე აშენებულია სასანიანთა პერიოდში, არაბთა ირანში შეჭრის დროს. სელჩუკთა პერიოდში ციხე აღადგინეს და ის ძირითადად ისმაილიტების ბაზად (ყაზვინის პროვინციაში ალამუთის ციხესთან ერთად) გამოიყენებოდა.

ციხე ნაგებია ქვითა და აგურით. რეგიონის კლიმატური თავისებურების გამო, ციხესიმაგრის მშენებლობაში შეგნებულად არ გამოიყენებოდა ხე: გილანის კლიმატი ძალიან ნოტიოა და ხის მასალა დიდხანს ვერ შეინახებოდა ასეთ პირობებში. ციხე შედგება მთავარი ნაწილისა და არსენალისგან. ძირითადი ნაწილი მდებარეობს ციხის დასავლეთ მხარეს; ეს არის ორსართულიანი აგურის ნაგებობა. არსენალი კი მდებარეობს ციხის აღმოსავლეთ ნაწილში, შედგება თავდაცვითი სტრუქტურებისგან, რამდენიმე ყაზარმისა და პატარა ციხისგან. არსენალში ასევე არის ციხის საიდუმლო გასასვლელი. მთავარ ნაწილში ცხოვრობდა მმართველი, ოჯახთან ერთად; აქ არის წყალსაცავი, აბანო და დამხმარე  სათავსო ნაგებობები.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version