انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

პერსეპოლისი

პერსეპოლისი, სპარსეთის იმპერიის უძველესი დედაქალაქი, მდებარეობს თანამედროვე ქალაქ შირაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით 70 კილომეტრზე, ფარსის პროვინციაში. აქემენიდების სამეფო ქალაქი, დააარსა დარიოს I-მა. პერსეპოლისში ხდებოდა მეფეთა კურთხევა და დაკრძალვა, ფიქრობენ იგი წმინდა ქალაქი იყო, სადაც უბრალო მოკვდავთ შესვლა ეკრძალებოდათ. თავის მნიშვნელობას პერსეპოლისი სასანიანთა დროსაც ინარჩუნებდა, რაზედაც მეტყველებს ნაყშე-როსთამის კლდეებზე ამოკვეთილი მრავალი რელიეფი. ძვ. წ. 330 წელს პერსეპოლისი ალექსანდრე მაკედონელმა აიღო და გადაწვა. პერსეპოლისის ძეგლთა კომპლექსი აქემენიდური ხელოვნების და არქიტექტურის გვიანდელ სტილს ასახავს. პერსეპოლისის არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც უზარმაზარ ბაქანზეა გაშენებული, შედგება, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და დასრულებული ნაგებობისგან. ხუროთმოძღვრების შედევრებად შეიძლება ჩაითვალოს: საპარადო კიბე, ქსერქსეს ჭიშკარი და სასახლე, აპადანას (მისაღები დარბაზის) კიბეები, აპადანას სასახლე, დარიოსის სასახლე, სარკეებიანი სასახლე, ასსვეტიანი დარბაზი.

საპარადო კიბე

ტერასაზე, სადაც პერსეპოლისის მთელი კომპლექსია განლაგებული ადის ე. წ. საპარადო კიბეები, რომელიც ქვედა მოედნიდან ურთიერთ საწინააღმდეგო მიმართულებით მიემართება ერთი ჩრდილოეთით, მეორე სამხრეთით. წყვილი სიმეტრიული კიბე, განლაგებულია ქალაქის დასავლეთ კედელთან, გალავანის ჩრდილოეთ კუთხეში. კიბეების კედლები უხვად იყო მორთული რელიეფებით. თითოეულ კიბეს აქვს 63 საფეხური, ფართე ბაქანზე  უხვევს 180 გრადუსით და პირველი რიგის საპირისპირო მიმართულებით, კიდევ 48 საფეხი ადის ქალაქის პლატოს დონეზე. თითოეულ კიბეს აქვს 111 საფეხური, თითოეული 690 სმ. სიგრძის, 38 სმ. სიგანის და 10 სმ. სიმაღლისაა. საპარადო კიბეების ავლის შემდეგ იშლება ტერასა სხვადასხვა სიმაღლეზე აგებულ ქვის ნაგებობათა ნანგრევებით. პირველი ნაგებობა, რომლისკენაც მიემართებოდა გზა ტერასაზე დასავლეთის მხრიდან, ოთხკუთხა ფორმის პორტიკი ანუ ქსერქსეს ჭიშკარი იყო, ცნობილი „ყველა ერის ჭიშკრის“ სახელით.

„ყველა ერის ჭიშკრი“

პირველი ნაგებობა, რომლისკენაც მიემართებოდა გზა საპარადო კიბეებიდან პირდაპირ, ოთხკუთხა ფორმის პორტიკი ანუ ქსერქსეს ჭიშკარი, იყო ცნობილი „ყველა ერის ჭიშკრის“ სახელით, რადგან მხოლოდ ამ ჭიშკრის გავლით მიემართებოდნენ აქემენიან ბრძანებლებთან დამოჩილებული ქვეყნების წარმომადგენლები.  ქსერქსეს ჭიშკარის გრანდიოზულობას მოწმობს მისი ოთხი სვეტი. „ყველა ერის ჭიშკრის“ დასავლეთის ზღურბლზე  ცხოველის ორი უზარმაზარი სკულპტურული გამოსახულებაა გამოკვეთილი, რომლის ტანი და ფეხები ხარისას ჰგავს, ხოლო თავი- ლომისას. აღმოსავლეთის ზღურბლზე, გვირგვინოსანი ადამიანის თავიანი ორი ფრთოსანი ცხოველია გამოკვეთილი.

 

აპადანას სასახლე

აპადანას სასახლე სპარსული არქიტექტურის უბრწყინვალესი ქმნილებაა. პერსეპოლისში ამ გრანდიოზულ შენობას ეკავა 10 000 კვ.მ-ზე მეტი და აგებული იყო განსაკუთრებულ პლატფორმაზე, სასახლის დონე დაახლოებით სამი მეტრით მაღალია, ვიდრე აპადანას ეზოს იატაკი. გეგმაში კვადრატული, უზარმაზარი დარბაზი სამი მხრიდან პორტიკებით იყო გარშემორტყმული. ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის მხრიდან პორტიკებს ეკვროდა სადღესასწაულო კიბეები, რომლებიც მდიდრულად იყო მორთული რელიეფური გამოსახულებებით. ბრტყელ გადახურვას იჭერდა 20 მეტრის სიმაღლის 36 კოლონა. აპადანას სასახლის მშენებლობა დაიწყო დარიოს I დიდმა და დასრულდა ქსერქსეს I დროს.

ასსვეტიანი დარბაზი

აპადანას სასახლის აღმოსავლეთით, იმ ადგილას, სადაც შემორჩენილია ცამეტი სვეტი, საკმაოდ დიდ სივრცეზე  კიდევ ერთი გრანდიოზული ნაგებობა, ასსვეტიანი დარბაზი იდგა. მიჩნეულია რომ ასსვეტიანი დარბაზი ქსერქსეს I-ის მიერ არის აგებული, მაგრამ აღსანაშნავია, რომ ნაგებობის ერთ-ერთ კუთხეში აღმოჩენილი ბაბილონური ლურსმული წარწერის თანახმად,  ასსვეტიანი დარბაზი ქსერქსეს მემკვიდრის, არტაქსერქსე I-ის მიერ არის აგებული. ასსვეტიანი სდარბაზის, სახვაგვარად მას სეფე დარბაზსაც უწოდებენ, ზომები და სიმაღლე ცოტათი ჩამოუვარდებოდა აპადანისას. უზარმაზარ კვადრატულ დარბაზში გადახურვა ეჭირა 100 სვეტს, რომლებიც 10 რიგად იყვნენ განლაგებულნი. დარბაზის თითოეულ კედელში გაჭრილი იყო ორი კარი ქვის მოჩარჩოებით და თითოეულ მხარეს 11 ნიშით. დარბაზი მორთული იყო ბარელიეფებით. სამხრეთის კარის პორტალზე, რომლის ბარელიეფიანი ფრაგმენტი დღემდეა შემორჩენილი, ამოკვეთილია დაპყრობილი ქვეყნების ორ იარუსად მდგომი წარმომადგენლები, რომელთაც ზემოთ აღმართულ ხელებში მეფის ოქროს ტახტი უპყრიათ. ტახტზე მედიდურად ზის უზარმაზარი იმპერიის მეფე, ხოლო მის ზურგს უკან მხოლოდ ერთადერთი მსახურია გამოსახული. მეფის თავს ზემოთ მფრინავი ლომი და გარეული ხარია გამოსახული.

„ტაჩარა“, სარკეებიანი სასახლე

აპადანას სამხრეთით მდებარე თითქმის შავი ფერის ქვის ნაგებობა ამჟამად სარკიანი დარბაზის სახელითაა ცნობილი. იგი პერსეპოლისის სხვა ნაგებობებთან შედარებით უკეთ არის შემონახული. სარკიანი მას იმიტომ ეწოდა, რომ მისი ცენტრალური დარბაზის ფანჯრების ქვის საპირეები სარკესავით პრიალებდა. ეს ნაგებობა დარიოს დიდია მბრძანებლობის დროს აგებულა, ხოლო ქსერქსეს მისი დეკორატიული გაფორმება დაუსრულებია. სასახლის კიბეს აქვს უბადლო ოსტატობით შესრულებული ბარელიეფები, რომლებზედაც, ერთი მხრივ- სპარსელი დიდებულები და მხედართმთავრებია გამოსახული, ხოლო მეორე მხრივ- სამეფო კარზე წარმოგზავნილი მიდიელები. ტაჩარაში ყურადღებას იპყრობს მრავალი დეკორატიული ელემენტი, კერძოდ მაღალი ოსტატობით შესრულებული სამეფო კარის მსახურთა ბარელიეფები, მითიურ ცხოველთან შეჭიდებული მეფე, გარეულ ხარზე ნადირობის ამსახველი სცენა და აქემენიდი მეფეების, დარიოს I, ქსერქსესი და არტაქსერქსე III წარწერები.

ჰადიშის სასახლე

ცენტრალური ბორცვის სამხრეთით ქსერქსეს სწორკუთხოვანი ფორმის სასახლე- ჰადიში მდებარეობდა. მოცულობით იგი „ტაჩარაზე“ უფრო დიდი იყო. იგი 36 სვტიანი ცენტრალური დარბაზის, ორი ოთხკუთხა დარბაზის, ერთი 12 სვეტიანი აივნის, ერთი ვიწრო და გრძელი აივნისა და სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე პატარა ოთახისგან შედგებოდა; ფართობი დაახლოებით 2550 კვ. მ. შეადგენდა (40მ. X 55მ). ჰადიშის სასახლეში აღმოჩენილი წარწერების თანახმად, ვარაუდობენ რომ სასახლე ქსერქსეს მბრძანებლობის შუა ხანებშია აგებული და ის ქსერესა და მისი ერთ-ერთი ცოლისთვის, ჰადიშნამისთვის აშენდა. სასახლეს აქვს ორი კიბე, ერთი დასავლეთით და მეორე ჩრდილო – აღმოსავლეთით რომელბიც სასახლეს აკავშირებენ ტაჩარას და სამჭიშკრიანი სასახლის ეზოებთან.

სამჭიშკრიანი სასახლე

აპადანას სასახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ასსვეტიანი დარბაზის დასავლეთ კუთხეში, არის ნაშთები თითქმის ოთხკუთხა ნაგებობისა, პორტიკებით ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს. ეს ნაგებობა სხავადასხვა სახელითა არის ცნობილი. ზოგიერთი მას ცენტრალურ სასახლეს უწოდებს, იმ მიზეზით, რომ იგი, აპადანას, ასსვეტიანი სასახლის, ჰარამხანის, სამეფო ხაზინისა და სარკიანი სასახლის ერთმანეთთან დამაკავშირებელ ნაგებობას წარმოადგენდა. ზოგი მას სამჭიშკრიან სასახლეს უწოდებს, ვინაიდან მას სამი შესასვლელი ჰქონდა. ზოგი კი მას სათათბირო ანუ სხდომათა სასახლეს უწოდებს, რადგან ნაგებობის კიბის ბარელიეფებში სპარსელი და მიდიელი დიდებულები და მხედართმთავრებია გამოსახული, რომლებიც სასახლეში მიემართებიან მეფესთან სახელმწიფო საქმეების გადასაწყვეტად. ცენტრალურ (სამჭიშკრიან, სხდომათა) სასახლეს საფუძველი ჩაუყარა დარიოს დიდმა. აპადანას მსგავსად, სამჭიშკრიანი სასახლის კიბესაც ამშვენებს უზადო ოსტატობით შესრულებული ბარელიეფები, რომლებზედაც, ერთი მხრივ- სპარსელი დიდებულები და მხედართმთავრები, ხოლო მეორე მხრივ- სამეფო კარზე წარმოგზავნილი მიდიელებია გამოსახული.

ჰარამხანა, ან დედოფლის სასახლე

სასახლეს, რომელიც მდებარეობს ჰადიშის სასახლის სამხრეთ კიბეების ნაწილში, უწოდებენ დედოფლის სასახლეს ან მეფის ჰარამხანას, თავისი მრავალრიცხოვანი ოთახებისა და ეზოების გამო. სასახლის კარიბჭეებს, რომელთა უმეტესობა ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქალაქის გადაწვისას განადგურდა, ამშვენებდა ბარელიეფები სხვადასხვა სცენებით: მეფის შემოსვლა  ცენტრალურ დარბაზში საჭურისის თანხლებით, აგრეთვე ლეგენდარული მეფის ან ურჩხულის შებრძოლების სცენა. დღეს ჰარმხანის ტერიტორიაზე პერსეპოლისის მუზეუმი მდებარეობს.

სასახლე G

სასახლე G, რომლის მხოლოც მცირედი ნაშთებიღაა შემორჩენილი, მდებარეობს აპადანას სასახლის სამხრეთით, თაჩარას სასახლის აღმოსავლეთით, ჰადიშის სასახლის ჩრდილოეთით და სამჭიშკრიანი სასახლის დასავლეთით. ზოგიერთი არქეოლოგის აზრით ეს სასახლე, მისი მდებარეობის გამო, ის სხვა ნაგებობთა შედარების შემაღლებულ ადგილს იკავებს, საკრალური დანიშნულების უდა ყოფილიყო. არსებობს ასევე მოსაზრება, რომ სასახლე არტაქსერქსე III ეკუთვნოდა.

სასახლე H

სასახლე H (ასევე ცნობილი როგორც არტაქსექსე I- ის სასახლე)  მდებარეობს აპადანას სასახლის სამხრეთ-დასავლეთით და ჰადიშის სასახლის დასავლეთით. მდიდრულად მორთული კიბე, რომელიც სასახლეს ორივე მხრიდან ეკვროდა, საკმაოდ დაზიანებულ და მდგომარეობაში შემორჩა. შემორჩენილი წერილობითი ფრაგმენტის თანამად, მთავარი კიბე, ეკუთვნის შენობას, რომელის აგება ქსერქსე I-მა დაიწყო და არტაქსექსე I- მა დაასრულა. მთავარი შენობის დასავლეთ და სამხრეთ კედლებს ამშვენებს რქიანი ხარის თავის ფორმის ქონგურებიანი აივნები.

არტაქსერქსე II-ისა და არტაქსერქსე III-ის აკლდამები

პერსეპოლისის ხუროთმოძღვრულ კომპლექსს განეკუთვნებიან, რაჰმათის მთის ფერდობზე, გამოკვეთილი, აქემენიანთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლების არტაქსერქსე II-ისა და არტაქსერქსე III-ის აკლდამები. კომპოზიციურად ისინი თითქმის იმავე სტილშია აგებული, როგორც „ნაყშ-ე რخსთამის“ აკლდამები – უზარმაზარ კვარცხლბეკზე მლოცველის პოზაში მდგარ აქემენიან მბრძანებელს, რომლის თავს ზემოთ ასაფრენად მომზადებული ანგელოზია გამოსახული, ერთი ხელი მზისკენ აქვს აპყრობილი, ხოლო მეორეთი მშვილდს არის დაყრდნობილი. მთელი ეს, ბარელიეფად გამოკვეთილი, სკულპტურული კომპოზიცია თითქოს მხრებზე შეუდგამთ 28 დამორჩილებული ქვეყნის წარმომადგენლებს.

1979 წელს, პერსეპოლისი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი ობიექტის კრიტერიუმების მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების თანახმად (უნდა მიუთითებდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში, ან მსოფლიო რომელიმე კულტურული არეალის ფარგლებში არქიტექტურის, მონუმენტური ხელოვნების, ქალაქგეგმარების ან ლანდშაფტური არქიტექტურის განვითარების სფეროში ადამიანურ ფასეულობათა მნიშვნელოვან ურთიერთგაცვლაზე;  უნდა წარმოადგენდეს რომელიმე კულტურული ტრადიციის ან, დღესაც არსებული ან გამქრალი ცივილიზაციის ამსახველ უნიკალურ ან განსაკუთრებულ ნიმუშს; უნდა იყოს ტრადიციული საცხოვრისის ან მიწათმოქმედების გამორჩეული მაგალითი, რომელიც წარმოადგენს რომელიმე კულტურას( კულტურებს), განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს კულტურა საფრთხის წინაშეა შეუქცევადი ცვლილებების გამო.), შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

Next Prev
ا

 

Next Prev

 

Exit mobile version